samcxe-javaxeTis mxare  
  

 

 

ninowmindis municipaliteti
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. ნინოწმინდა.

istoria

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში - ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან გამოეყო ახალქალაქის მაზრას „გორელოვსკის რაიონის“ სახელწოდებით. 1933 წლის 14 ივლისიდან ეწოდა „ბოგდანოვკის რაიონი“. 1991 წლიდან „ნინოწმინდის რაიონია“, ხოლო 2006 წლიდან - „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი“.

buneba

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფართობი 1353,9 კმ²-ს შეადგენს. იგი მდებარეობს სამხრეთ  საქართველოში, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1950-2200 მ სიმაღლეზე. მისი უდაბლესი წერტილია 1800 მ (ფარავნის ტბა), უმაღლესი - 3189 მ (მთა გოდორები).

მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის, ხოლო სამხრეთი საზღვარი ნიალისყურის ქედს მიჰყვება, რომელიც სომხეთს ესაზღვრება. ჩრდილოეთით სამსრისა და ჯავახეთის ქედების შემაერთებელი სერით წალკის მუნიციპალიტეტისაგან არის გამოყოფილი, დასავლეთით სამსრის ქედით ახალქალაქის მუნიციპალიტეტს, ხოლო აღმოსავლეთით კი ჯავახეთის ქედის თხემით - დმანისის მუნიციპალიტეტს ემიჯნება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 3 მთის მასივისგან შედგება (აღბაბა, თრიალეთის ქედი და სამსრის ქედი). რელიეფი ნამარხი ვულკანებით და სიმაღლეებით ხასიათდება. მუნიციპალიტეტი 7-8 ბალიან სეისმურ ზონაში მდებარეობს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ვაკე ნაწილის თიხნარებზე და ბაზალტების გამოფიტვის პროდუქტებზე, მთის შავმიწები და გამოტუტული შავმიწები ჭარბობს. მაღლობებისა და ქედების ქვედა კალთებზე შავმიწისებრი და მთის მდელოს ნიადაგებია გაბატონებული. შუა და ზედა კალთებზე კი კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია გავრცელებული. დაჭაობებული ტაფობების ძირზე ხშირია ნესტიან-მდელოს და ჭაობის ნიადაგები.

hava

ჰიპსომეტრიული განვითარების მნიშვნელოვანი დიაპაზონის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზეგნის სხვადასხვაგვარი კონტინენტური ჰავაა. ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანია, ზაფხული - გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 10,6 °C, აგვისტოს პლიუს 13,1 °C (ზამთარში ტემპერატურა მინუს 38 °C აღწევს). ნალექები 733 მმ-ია წელიწადში, მაქსიმალური ივნისში - 116 მმ, მინიმალური დეკემბერში - 30 მმ. თოვლის საბურველის ხანგრძლივობაა 100 დღე. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2479 სთ. აღწევს.

Sida wylebi

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი მცირე შენაკადებითურთ. მუნიციპალიტეტი ცნობილია ტბათა სიმრავლით: ფარავანი, მადათაფა, ხანჩალი, საღამოს ტბა, ბუღდაშენის ტბა და სხვა. ნინოწმინდაში ბევრია მიწისქვეშა წყლები, რაც ჯავახეთისთვის დამახასიათებელია. მუნიციპალიტეტი დანაწევრებულია პატარა მდინარეებითა და წყაროებით. ტბებსა და მდინარეებში ბევრი და მრავალი სახეობის თევზია (კალმახი, ქაშაპი, ხრამული, ფრიტა, კობრი, მტკვრის წვერა და სხვა).

flora da fauna

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფლორა შედგება ძირითადად ალპური ზონის მახასიათებლებით. უმეტესი ნაწილი უტყეოა, დაფარულია მთის და მდელო-ველის მცენარეულობით. ტბების ირგვლივ დაჭაობებულ ტაფობებში გავრცელებულია წყლისა და ჭაობის მცენარეულობა. 2200 მეტრზე მაღლა იწყება სუბალპური და ალპური მდელოები. ნინოწმინდაში გავრცელებულია სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეები: ჭინჭარი, პიტნა, გვირილა, ჟოლო, ასკილი და კრაზანა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბინადრობენ მთიანი ზონისთვის დამახასიათებელი ცხოველები და მღრღნელები: მელა, მგელი, კურდღელი, ზღარბი, მაჩვი, თრითინა, წავი, ტურა, თაგვი, ზაზუნა, თხუნელა, ვირთხა, ნუტრია და სკუნსი. იმის გამო, რომ ჯავახეთის ზეგანი მდიდარია ტბებით, წყალმცურავი ფრინველების სამყარო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ 200-მდე სახეობის ფრინველი იყრის თავს, მათ შორის მიგრანტები, ზაფხულის ბინადრები, ბუდის მკეთებელი, აგრეთვე წყლის ფრინველები.

wiaRiseli

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის პემზისა (დილიფი), ვულკანური წიდის (გორელოვკა), კირქვის, ბაზალტის, პერლიტის, თიხის საბადოები, მოდის მინერალური წყლები (დილიფი).

mosaxleoba

მოსახლეობის რიცხოვნობა - 24 491 კაცი; სიმჭიდროვე - 18,1 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 32 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 31 სოფელი.

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 38 935
2002 32 561
2014 24 491
2021 18 900

administraciuli erTeulebi

ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო. საკრებულოში არის შემდეგი კომისიები: სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია, სოციალურ საკითხთა კომისია.

მმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:

  • 1 ქალაქი - ნინოწმინდა;
  • 9 თემი - განძანი, გონდრიო, გორელოვკა, დიდი ხანჩალი, ეშტია, სათხე, ტამბოვკა, ფოკა, ჯიგრაშენი.

ekonomika

soflis meurneoba

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 117 000 ჰა, 24 000 ჰა - სახნავ-სათესია, 7000 ჰა - სათიბი და 96 000 ჰა - საძოვარი. სოფლის მეურნეობაში წამყვანია მეცხოველეობა, მარცვლეულის მოყვანა და მეკარტოფილეობა. გავრცელებულია საგაზაფხულო თავთავიანი და საკვები კულტურები: ქერი, საშემოდგომო ხორბალი, კარტოფილი და ბოსტნეული. განვითარებულია მეფუტკრეობა, მუნიციპალიტეტში 3000-ზე მეტი სკაა.

მეცხოველეობაში გავრცელებული საქმიანობაა რძისა და ყველის წარმოებაა. მოქმედებს 30-მდე რძის გადამამუშავებელი საწარმო და ყველის ქარხანაა, ასევე ორი ხორცკომბინატი. ასევე მისდევენ თევზის (კალმახი) ხელოვნურ მოშენებას.

mrewveloba

მრეწველობა სუსტადაა განვითარებული. მოქმედებს ბაზალტის ქვის გადამამუშავებელი და მსუბუქი კედლების ბეტონის ბლოკის საამქროები. ნინოწმინდის ელექტროენერგიით მომარაგება წუნდას ელექტროგადამცემი ხაზებით ხორციელდება, რომელთა სიმძლავრე 35 კილოვატს შეადგენს.

transporti

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ახალი მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომავალში გაივლის ბაქო-ყარსის რკინიგზის ხაზი. ნინოწმინდიდან რეგულარული საავტომობილო მიმოსვლაა ახალციხეში, წალკაში და ერევანში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს11.

kultura

მუნიციპალიტეტში 38 საჯარო სკოლაა, მათგან 31 სომხურია, 4 ქართული და 3 რუსული. სკოლებში 4447 მოსწავლე სწავლობს და 935 მასწავლებელი ასწავლის. მოქმედებს 15 ბიბლიოთეკა, 3 თეატრი, მათ შორის ნინოწმინდის სახალხო თეატრი და 4 მუზეუმი: ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი სოფელ განძანში, ვიქტორ ჰოვსეფიანის სახლ-მუზეუმი ეშტიაში, დუხობორთა ეთნოგრაფიული მუზეუმი გორელოვკაში და საბრძოლო დიდების მუზეუმი ნინოწმინდაში. მუნიციპალიტეტში მოქმედებს ნინოწმინდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი.

მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ივლისის მესამე კვირას აღინიშნება სასულიერო დღესასწაული „ვარდავარი“. „ვარდავარი“ სიხარულის, გართობის, სიყვარულის და მოსავლის სიუხვის სიმბოლოა. გასათხოვარი გოგოები „ვარდავარს“ უკავშირებენ თავიანთი ბედნიერების პოვნას. ისინი შვიდი წყაროდან იღებენ წყალს და ახალგაზრდა ბიჭებს სთავაზობენ.

RirSesaniSnaobebi

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის როგორც მართლმადიდებლური, ასევე სომხური ეკლესიები ფოკაში, განძანში, სათხეში, როდიონოვკაში, დიდ გონდრიოში, თორიასა და საღამოში.

საერო ხასიათის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია XII საუკუნის ხიდი სოფელ ყაურმაში, სათხესა და თორიას ციკლოპური ციხეები, „ქოროღლის“ ციხის ნანგრევები ასფარაში

 

foto galerea

ninowmindis soflebi

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმინისტრაციული ცენტრი ნინოწმინდა
კოორდინატები 41°16`01″ ჩ. გ. 43°35`22″ ა. გ.
ფართობი 1354 კმ²
მოსახლეობა 24 491 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 18,1 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა სომხები 95,0 %
ქართველები 4,2 %
რუსები 0,8 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა გრიგორიანები 80,8 %
კათოლიკეები 12,1 %
მართლმადიდებლები 3,6 %
მუსლიმები 2,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი  
ოფიციალური საიტი ninotsminda.ge

 

 

ნინოწმინდის დროშა ნინოწმინდის გერბი

ყაურმის - ხიდი და ეკლესია

სათხის ციკლოპური ციხე და სათხის ქართული ეკლესია da სათხის სომხური ეკლესია

ფოკის წმინდა ნინოს ეკლესია

ფოკის განძი